ანდრეას ნორლენი - გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციების მხარდაჭერას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს ევროკავშირს
ანდრეას ნორლენი - გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციების მხარდაჭერას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს ევროკავშირს

შვედეთი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია, – აღნიშნული განცხადება შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენიმ გააკეთა თბილისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის კარი ღია დარჩეს და ევროკავშირმა განავითაროს თანამშრომლობა ევროპულ ერებთან, მათ შორის საქართველოსთან.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, არის პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციების მხარდაჭერას, რომ ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ ასევე ვეხმარებით და ვუჭერთ მხარს საქართველოს სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტის განმტკიცებას. ამ ძალისხმევაში ჩვენი კონტრიბუცია დიდია“, – განაცხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მისი თქმით, დემოკრატია ბევრ საკითხს მოიცავს, საიდანაც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება ერთ-ერთია.

„დემოკრატია ასევე ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვას და მათ შორის ქალებისა და უმცირესობების უფლებების დაცვას. დემოკრატია არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ბევრი სფეროა, რაშიც საქართველოს მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით, მათ შორის ეუთო-ს რეკომენდაციების შესრულებაში. როგორც ვიცი, ეს რეკომენდაციები მზადდება. ბევრი საკითხია და ჩვენ ვცდილობთ, საქართველოს დემოკრატიის მტკიცე პარტნიორები ვიყოთ“, – განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ანდრეას ნორლენიმ.