ანდრეა ანიელი - სუპერლიგა აუცილებელია, რომ კლუბებს შორის უფსკრული უფრო არ გაღრმავდეს #1TVSPORT
„იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სუპერლიგის შექმნა აუცილებელია და ეს ტურნირი ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყოველმხრივ განვითარებას დაეხმარება. ანდრეა ანიელი მიიჩნევს, რომ სუპერლიგა მხოლოდ გრანდებს არ აძლევს ხელს და ჩვეულებრივი კლუბებიც ბევრ სარგებელს მიიღებენ.
„სუპერლიგა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთი მაყურებელს თანდათან დაკარგავს. როგორ ფიქრობთ, რიგითი ნიდერლანდელი გულშემატკივარი გააგრძელებს საერთაშორისო ტურნირების ყურებას, თუ ამ ასპარზზე მისი ქვეყნის გუნდებს გამარჯვების შანსი არასდროს ექნებათ? სწორედ ამიტომ გაჩნდა სუპერლიგის ახალი იდეა, რომელიც რამდენიმე დივიზიონად გაიყოფა – გავარდნის ან შემდეგ დივიზიონში გადასვლის გათვალისწინებით. საუბარია 70-80 კლუბზე მთელი ევროპის მასშტაბით.
ჩემპიონთა ლიგაზე, ძირითადად, დიდი შემოსავლების მქონე გუნდები ხვდებიან და თუ ეს სისტემა შენარჩუნდება, კლუბებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩამორჩენა ესპანურ-ინგლისურ კლუბებსა და დანარჩენ ევროპულ გუნდებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება. გამონაკლისი იქნება პსჟ, „ბაიერნი“ და რამდენიმე გრანდი, რაც საერთო სურათს ვერ შეცვლის. ჩვენ საფეხბურთო დემოკრატიისკენ უნდა წავიდეთ. რატომ არ უნდა ჰქონდეს, ვთქვათ, პოლონურ გუნდს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა? დავიჯერო, პოლონელ გულშემატკივრებს ვინმეზე ნაკლებად უყვართ ფეხბურთი?“ – განაცხადა „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სუპერლიგის ორგანიზატორმა, კერძოდ კი, კომპანია A22-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნდ რაიჰარტმა ტურნირის ახალი ფორმატის შესახებ ისაუბრა, რომელშიც 60 ან 80 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.
რაიჰარტის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება 50-ზე მეტი კლუბის წარმომადგენლებთან. ახალი ფორმატი ითვალისწინებს გუნდების შერჩევას შიდა ჩემპიონატების შედეგების გათვალისწინებით და ტურნირს მუდმივი მონაწილეები არ ეყოლება.