ანდრეი ერმაკი - აშშ-ის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე განვიხილეთ კორუფციასთან ბრძოლის საკითხი, გამოვთქვით რწმენა, რომ გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება უნდა იყოს საფუძვლიანი
ანდრეი ერმაკი - აშშ-ის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე განვიხილეთ კორუფციასთან ბრძოლის საკითხი, გამოვთქვით რწმენა, რომ გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება უნდა იყოს საფუძვლიანი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი უკრაინაში აშშ-ის დროებით რწმუნებულს, ჯული დევისს შეხვდა.

როგორც ერმაკი სოციალურ ქსელში წერს, მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ასევე უკრაინის ენერგეტიკული სექტორის კორუფციული სკანდალი.

„განვიხილეთ კორუფციასთან ბრძოლის თემა. გამოვთქვით რწმენა, რომ ბოლოდროინდელ გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება უნდა იყოს საფუძვლიანი, პროფესიონალური და მიუკერძოებელი, რამაც რეალურ შედეგებამდე უნდა მიგვიყვანოს და არ უნდა გამოიყენებოდეს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, რუსეთის გეგმების სასარგებლოდ“, – წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ენერგეტიკულ სექტორში 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემა გამოავლინა. გავრცელებული ინფორმაციით, სქემის უკან „მაღალი დონის კრიმინალური ორგანიზაცია“ იდგა, რომელსაც ბიზნესმენი ხელმძღვანელობდა. კორუფციულ სქემაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი და უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის, „ენერგოატომის“ უსაფრთხოების უფროსი. არსებული ინფორმაციით, ისინი აკონტროლებდნენ შესყიდვებს და აიძულებდნენ კონტრაქტორებს, გადაეხადათ უკანონო მოსაკრებლები.