ანჟეი დუდა - პოლონეთი ვალდებულია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული საფრთხეებისკენ მიმართოს
ანჟეი დუდა - პოლონეთი ვალდებულია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული საფრთხეებისკენ მიმართოს

პოლონეთი ვალდებულია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული საფრთხეებისკენ მიმართოს​. ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ანჟეი დუდას თქმით, აგრესორთან ძველებური ურთიერთობის აღდგენა დაუშვებელია.

„პოლონეთი ვალდებულებად მიიჩნევს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება იმ საფრთხისადმი მიმართოს, რომელიც მსოფლიო მშვიდობას ემუქრება და რაც მომდინარეობს “გაყინული კონფლიქტებიდან”, ოკუპაციიდან და აღმოსავლეთ ევროპაში ძალის გამოყენებით საზღვრების ცვლილებიდან. ძველებური ურთიერთობების აღდგენა დაუშვებელია და აგრესიას შესაბამისი წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს” – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

ანჟეი დუდას თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს დროებითი წევრის რანგში პოლონეთის პრიორიტეტი სუვერენული თანასწორობა იქნება. მისი თქმით, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს, მიუხედავად ამ ქვეყნის სიდიდისა, ხოლო საერთაშორისო კანონების დარღვევა დაუშვებელია.

„ჩვენ ყველა უნდა დავემორჩილოთ საერთაშორისო კანონს. ეს იყო პოლონეთის მთავარი მიზანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობისას – მხოლოდ საერთაშორისო კანონებზე დაფუძნებული სისტემა მოგვცემს საშუალებას, გადავჭრათ გაყინული კონფლიქტები და ახალი ცხელი წერტილების შექმნისგან დაგვიცავს. საერთაშორისო წესრიგი მოითხოვს მტკიცე ინსტიტუტებს, რომლებიც კანონს აღასრულებენ. საერთაშორისო კანონის უგულვებელყოფა გაუმართლებელია” – განაცხადა ანჟეი დუდამ.