ანდერს კნაპე – მიუღებელია ოკუპაცია, მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ საქართველოში არსებული სიტუაცია

18:24, 22.02.2020

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე აცხადებს, რომ მიუღებელია ოკუპაცია. საქართველოში ვიზიტით მყოფი კნაპე გამოთქვამს სურვილს, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს გაესაუბროს და არსებულ სიტუაციაზე მათი მოსაზრებები მოისმინოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში განუცხადა.

„ეს ვითარება მიუღებელია. საქართველო ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოებიდან ერთ-ერთია, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია. მსგავს ვითარებაშია უკრაინაც. ევროსაბჭოს მხრიდან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია და საქართველოში მიუღებელი მდგომარეობის შესახებ ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ ხალხს შევატყობინოთ. ჩემი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ საქართველოში და უკრაინაში არსებული სიტუაცია.

ბოლო წლებში, მედიისა და ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო სირიაში, ერაყში და აფრიკაში არსებულ მდგომარეობაზე, რადგან იქ კონფლიქტი უფრო აქტიურია და ყოველდღიური სახე აქვს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი სიტუაცია არსებობს ევროპის შიგნითაც, სადაც რუსეთის მიერ ტერიტორიები არის ოკუპირებული.

ძალიან მინდა, კონფლიქტის ზონაში წავიდე, იქ მცხოვრებ ხალხს გავესაუბრო და არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მათი მოსაზრება გავიგო. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი ინტერესი, ამით დაინტერესებულია ევროსაბჭოც, რათა გავაახლოთ ჩვენი ცნობები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანდერს კნაპემ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი