ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროპისა და აშშ-სთვის 
ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროპისა და აშშ-სთვის 

საქართველო არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროპისთვის და აშშ-სთვის, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიული თვალსაზრისით, ენერგეტიკული კუთხით საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობა.

„სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობა ენერგეტიკული კუთხით, აქ გამავალი მილსადენებით. ეს არის მნიშვნელოვანი დერეფანი რუსეთისთვის და ევროპისთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმების გზა და ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სწრაფვა“, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო არის ერთ-ერთი უმსვხილესი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატო-ს მისიაში და საქართველოს წვლილი ნატო-სთვის ფასდაუდებელია.

„მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო იყო მთავარი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთში ჩვენს ოპერაციაში. წლების განმავლობაში ათასობით ქართველმა სამხედრომ წვლილი შეიტანა ნატო-ს ოპერაციაში. სამწუხაროდ, საქართველომ განიცადა დანაკარგიც და, რა თქმა უნდა, ბევრი ქართველისთვის წარმოადგენს გამოწვევას იმის გაგება, თუ რატომ არიან ისინი ავღანეთში. თუმცა საბოლოოდ, ეს არის კითხვა, რომელიც ეხება მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის სოლიდარობას. ავღანეთში ჩართულობით საქართველო აჩვენებს მზადყოფნას და შესაძლებლობას, თავად იყოს უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი. სწორედ ამიტომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავღანეთში ყოფნა. ნატო-სთვის კი, საქართველოს წვლილი ფასდაუდებელია, – განაცხადა რასმუსენმა.

მან კონფერენციაზე გამოსვლისას ავღანეთში ნატო-ს მისიაზეც ისაუბრა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ნატო ან აშშ ავღანეთიდან ძალებს გაიყვანენ უახლოეს მომავალში. ამ საკითხზე მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები. ვფიქრობ, საფრთხის შემცველია ასეთი გადაწყვეტილებების კალენდარზე დაყრდნობით მიღება. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული არა კალენდრის მიხედვით, არამედ ადგილზე შექმნილი პირობების მიხედვით. ვფიქრობ, ჩვენს წინაშე არსებულ მთავარ პრობლემებს შორის არის ის, რომ ჩვენს ქვეყნებში მოთმინება ძალიან მცირეა, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ვადების განსაზღვრას. ამის შედეგად, „თალიბანი“ ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ, უბრალოდ დასხდნენ და დაგველოდონ, როდის გავალთ და შემდგომ გააგრძელონ ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმები. სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავრჩეთ ავღანეთში, ვიდრე ჩვენს საქმეს არ დავასრულებთ. ეს საქმე ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ ჩვენ დარჩენა გვიწევს“, – აღნიშნა ნატო-ს ყოფილმა გენმდივანმა.

მისივე თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების სწავლებასა და წვრთნაზე, რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მათ საკუთარ თავზე აიღონ.

„ჩვენ არ ვართ საოკუპაციო ძალა. ჩვენ დავტოვებთ ქვეყანას როგორც კი ამის შესაბამისი პირობები შეიქმნება. თუმცა არ უნდა გამოვაცხადოთ ძალების გაყვანის ვადები, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შეუძლიათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ“, – აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა კონფერენციაზე გამოსვლისას.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გუშინ გაიხსნა და დღეს სრულდება.