ანდერ ერერა მანჩესტერ იუნაიტედიდან ამ ზაფხულს წავა (ვიდეო)
ანდერ ერერა მანჩესტერ იუნაიტედიდან ამ ზაფხულს წავა (ვიდეო)

ანდერ ერერა ამ სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს. ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.

29 წლის ესპანელი ნახევარმცველი მანჩესტერში ბილბაოს ატლეტიკიდან 2014 წელს გადავიდა, როდესაც იუნაიტედის მწვრთნელი ჰოლანდიელი ლუი ვან გაალი იყო, ახლა კი, როგორც გაირკვა, პარი სენ-ჟერმენთან პირობებზე უკვე შეთანხმებულია.

მანჩესტერელები შეეცადნენ, რომ ფეხბურთელი დაეტოვებინათ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერერამ იმდენი ხელფასი მოითხოვა, რამდენსაც კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები იღებენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ესპანელი სეზონის ბოლო მატჩში კარდიფის წინააღმდეგ.

მანჩესტერ იუნაიტედში გატარებული ხუთი სეზონის მანძილზე, ანდერ ერერამ 189 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა.