ანდჟეი დუდა - ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ
ანდჟეი დუდა - ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ

ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა რუსული აგრესიის, რეგიონის უსაფრთხოებისა და ნატო-ს მოახლოებული სამიტის სამზადისის შესახებაც იმსჯელეს და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული მოქმედების საკითხები განიხილეს.

„საქართველო აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”, – აღნიშნა შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში პოლონეთის ძლიერი ხმა და მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსთვის და პრეზიდენტ დუდას ვიზიტი, საქართველოსთვის ამ ისტორიული მნიშვნელობის მომენტში, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობებისა და სოლიდარობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე დაპატიჟებისათვის და აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია: „ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ!” – განაცხადა ანდჟეი დუდამ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს ისტორიული მეგობრობა აკავშირებით, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს, აგვისტოს ომის დროს,
პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის როლს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებაში.

მხარეებმა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და სექტორული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 27%-ით გაიზარდა, ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ხანგრძლივი, თბილი და მეგობრული კავშირები გვაძლევს მყარი საფუძველს ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის.