ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორი - შსს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ყველა მიმართულებით და ყველა ვერსიაზე
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორი - შსს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ყველა მიმართულებით და ყველა ვერსიაზე

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორის თამარ იაკობიძის განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები.

„პირველ რიგში, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ამოღებულია როგორც კონკრეტულ ტერიტორიებზე ვიდეოჩანაწერები, ასევე დაკავებული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაც წარდგენილ იქნა დღეს სასამართლო პროცესზე. ტერიტორია, სადაც მოხდა დანაშაული, ნამდვილად აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. გიდასტურებთ, რომ გარკვეული კამერები ამოღებული აქვს ბრალდების მხარეს“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ჩანს თუ არა ჩანაწერში მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია, პროკურორის განმარტებით, ვიდეოჩანაწერებზე დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები და პირის ვინაობა დადგინდება. პროკურორის თქმით, მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

„გრძელდება გამოძიება მოტივთან დაკავშირებით, ასევე, შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას განიხილავს გამოძიება“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

იაკობიძის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ინტენსიურ რეჟიმში ყველა მიმართულებით და ყველა ვერსიაზე.

„ეს ნიშნავს იმას, რომ წინა სასამართლო სხდომამდე გამოძიებას აქვს ვალდებულება, მოიპოვოს ყველა მტკიცებულება. შესაბამისად, მოპოვეული მტკიცებულებები შეფასდება მოგვიანებით“, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორ თამარ იაკობიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეში კონკრეტული ქალი არ ფიგურირებს. კერძოდ, კითხვაზე, „ვინ არის ქალი, რომლის ფოტოსურათებსაც აჩვენებს გამოძიება?“, – პროკურორმა უპასუხა: „ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. მოცემულ შემთხვევაში ერთადერთი, რაც შემიძლია, დაგიდასტუროთ, ამ ეტაპზე საქმეში კონკრეტული ქალი არ ფიგურირებს“.

პროკურორი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოტივთან დაკავშირებით გამოძიება მუშაობს.

„მოგეხსენებათ, რომ ამ შემთხვევაში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით წარედგინა ბრალდებულს ბრალდება. მოტივთან დაკავშირებით ან სხვა ვერსიებთან დაკავშირებით მეტი მტკიცებულებაა საჭირო“, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე საპასუხოდ, იცნობენ თუ არა ბრალდებულები ანასტასია შატალოვას, პროკურორი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგენილია მხოლოდ მკვლელობის ფაქტი. პროკურორის განცხადებით, ამოღებულია ხელყუმბარები.

„ძალადობასთან დაკავშირებით კი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი ჩაატარებს გამოძიებას და დაადგენს, ჰქონდა თუ არა ფაქტს ადგილი“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

პროკურორის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ჩანთაში მოთავსებულია დაზარალებულის პირადი ნივთები.

„ჩანთა ვისი იყო, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ჩანთაში მოთავსებულია დაზარალებულის პირადი ნივთები“, – განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ საქმეში არ დევს დანაშაულის იარაღი.

„დანაშაულის იარაღი არ დევს საქმეში. როცა აღკვეთის ღონისძიებას ვასაბუთებდით, ამაზეც მივუთითებდით, თუმცა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გასროლილი ტყვიები. ჩანაწერების ამოღება და დეტალური გაშიფვრა ხდება“, – განაცხადა პროკურორმა.