ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს, ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიასა და ლევან რაჯაევს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

ადვოკატების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათი განცხადებით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და პროკურატურას ამ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ აქვს.

„უკანონოა გადაწყვეტილება. გასაჩვრებული იქნება სააპელაციოში დადგენილ ვადებში. მედიაც და საზოგადოებაც დარწმუნდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უკანონო პატიმარი. საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის. ეს ადამიანი არის უკანონო პატიმარი და მასზე ხელების შეწმენდა უნდათ ლატარიაზე. ვენდობი ხასიას ჩვენებას. მან დღეს დაადასტურა, რომ მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. არ არსებობს მტკიცებულება, რაც ლატარიას დანაშაულს დაადასტურებს“, – განაცხადა ლატარიას ადვოკატმა გიორგი ლაღიძემ.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა სამივე დაკავებული, თუმცა ბრალდებული ბექა ლატარია სხდომიდან გააძევეს. მან პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმ დროს, როდესაც პროკურორი შუამდგომლობას აყენებდა და აცხადებდა, რომ ლატარიას დაკავების დროს ნარკოტიკები აღმოაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი 19 ოქტომბერს დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ.- მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ა.შ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბ.ლ.-მ შემთხვევის ადგილი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რა დროსაც ბ.ხ.-ს მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა“, – განაცხადეს შსს-ში.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დღეს, 1989 წელს დაბადებული გიორგი ნიორაძე დააკავა.

დატოვე კომენტარი