შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია სამი პირი, – აცხადებენ შსს-ში. საუბარია ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, 18 ოქტომბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი – 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ.- მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ა.შ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბ.ლ.-მ შემთხვევის ადგილი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რა დროსაც ბ.ხ.-ს მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა“, – აცხადებენ შსს-ში.

​უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბინის ჩხრეკის დაწყებამდე, ბ.ლ. მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს.

„პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ.-ს მეგობრის, ლ.რ.-ის ბინის ჩხრეკა განახორციელეს.

აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ., რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა აამოქმედა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით, სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა.

პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო.

ბ.ხ.-ს მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა, გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.

პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბ.ხ.-ს დაკავებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა ბინის მეპატრონე ლ.რ.-მ.

პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის, იგი ადგილზე იქნა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი