ანას ბაღთან აქცია გაიმართა
ანას ბაღთან აქცია გაიმართა

თბილისში, ანას ბაღთან აქცია გაიმართა.

მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და დედაქალაქის მერიას ნებართვის სამშენებლო ნებართვის გაუქმებას სთხოვენ.

„10 თებერვალს არის მერიაში ჩვენი საჩივრების განხილვა. ვითხოვთ, ეს უკანონო მშენებლობა შეჩერდეს. პარკის ცენტრალური შემოსასვლელი არის გადაკეტილი, სადაც პირდაპირ კოლონები განათავსეს და ამ უკანონობებს საჩივრის საფუძველზე დავასაბუთებთ. აუცილებელია, ბრძანებების ბათილად ცნობა მოხდეს.  თუ მერია არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ან არ შეჩერდება მშენებლობა მივმართავთ სასამართლოს ადმინისტრაციული საჩივრით. გარდა ამისა, მოსახლეობას გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს პერმანენტული აქციები“,- განაცხადა ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ.

როგორც „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, გიორგი ბენაშვილმა განაცხადა, მშენებლობა კანონიერია.

“თუკი მათ იციან, რომ იურიდიულად გამართული არ არის საკითხი, რატომ არ გადავდივართ სამართლებრივ დავაში? რატომ არ ვართ სასამართლოში? არანაირი დარღვევა არ არის. ეს არის რამდენიმე დაინტერესებული პირის აქცია. მათ აქვთ შემოღობილი უკანონოდ მერიის ბალანსზე არსებული მიწები“, – განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.