„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროცესის გადადების შუამდგომლობა ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ფხალაძის ადვოკატს ეკუთვნის.

როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია აქ ჰქონია და ამის გათვალისწინებით, ვიდეომტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქმის განხილვა უნდა გადადებულიყო.

უფლებადამცველმა ასევე საქმის გამოყოფის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან კომპანიის დაკავებული სამი თანამშრომელი ბრალს აღიარებს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროცესის გადადებას არ ეთანხმებოდა კომპანიის დაკავებული სამი თანამშრომელი. მათი განცხადებით, ადვოკატს მტკიცებულების მოსაპოვებლად საკმარისი დრო ჰქონდა.

საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას ედავება.

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები აქციას დილიდან მართავენ, ისინი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ამ დროსათვის არსებული მონაცემებით, აქციაზე ათამდე პირია დაკავებული.

დაკავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები.