თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა
თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა

თბილისის მერიასთან „ანას ბაღის“ დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციაზე ბაღის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლები და „ლეობორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ. ისინი მერიისგან სამშენებლო კომპანიისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზებას და „ანას ბაღის“ კეთილმოწყობას ითხოვენ. მათ თბილისის მერის, კახა კალაძის სახელზე ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

„მოვითხოვთ, ადგილმონაცვლეობის პრინციპი იყოს გამოყენებული როგორც „ანას ბაღის“, ასევე „ალუბლების ბაღის“ შემთხვევაში. ვაპირებთ, ყველა მეთოდით შევუშალოთ ხელი „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მშენებლობას“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციაზე მყოფმა ადვოკატმა, მუხრან ღურცკაიამ განაცხადა, რომ სასამართლომ შეაჩერა მშენებლობა და ჩათვალა, რომ არის გარკვეული ხარვეზები და დარღვევები.

„მერიას აქვს შესაძლებლობა, რომ გააკეთოს ადგილმონაცვლეობა. ასე თუ არ გააკეთებენ, გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას და აქციებსაც არ შევაჩერებთ, ვიდრე მოსახლეობის მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.

დატოვე კომენტარი