ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული არეალები ტურისტული ჯგუფებისთვის დაიკეტება
ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული არეალები ტურისტული ჯგუფებისთვის დაიკეტება

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს აერთიანებს, ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული არეალები ტურისტული ჯგუფებისთვის დაიკეტება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მხარეთა საერთო შეთანხმებით, ვიზიტორებისთვის შეიზღუდება გვიანი შუასაუკუნეებისდროინდელი ეროვნული კატეგორიის ძეგლის ის სივრცეები, რომლებზეც ქაოტური და უკონტროლო გადაადგილების შედეგად არქიტექტურული სტრუქტურის მექანიკურმა დაზიანებებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ძეგლზე წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში კრიტიკულ უბნებზე დამცავ ზრუდეებსა და საინფორმაციო მანიშნებს მოაწყობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო მხარდაჭერის საფუძველზე, ტურისტული კომპანიები და გიდები დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ სათანადო ცნობებს მიიღებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაცია კი კომპლექსზე მუდმივ ზედამხედველობას განახორციელებს. დროებითი ღონისძიებებით ანანურის არქიტექტურულ კომპლექსზე ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები აღიკვეთება.

მომდევნო წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით ანანურის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყება და ძეგლის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ყველა უბანსა და არქიტექტურულ ნაგებობას მოიცავს. სარეაბილიტაციო პროექტი ძეგლზე ტურისტული ნაკადების გადაადგილების მარშრუტებსაც გაითვალისწინებს, რაც სამომავლოდ ქაოტური ვითარების შექმნის ალბათობას გამორიცხავს.

ანანურის კომპლექსის ტერიტორიაზე ჭარბი ტურისტული ნაკადების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის პროექტი, რომელიც ავტოსაპარკინგე მეურნეობის, სავაჭრო პავილიონებისა და გამწვანებული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. ახალი ინფრასტრუქტურული სივრცის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და ის ხარისხობრივად გაამარტივებს სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას და სავაჭრო პროცესებს“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

„საყდრისის დაცვის კომიტეტმა“ გუშინ ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის რეგულაციების ამოქმედება მოითხოვა.