ანანიძე თავის სტიქიაშია - ჯანო ამჯერად „შუქურას“ საფეხბურთო სკოლას დაეხმარა #1TVSPORT
ანანიძე თავის სტიქიაშია - ჯანო ამჯერად „შუქურას“ საფეხბურთო სკოლას დაეხმარა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მშობლიურ ქობულეთში საფეხბურთო სკოლას დაეხმარა, – ამის შესახებ ინფორმაციას „შუქურას“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ჯანო ანანიძემ „შუქურას“ აკადემიის აღსაზრდელებს საჩუქრად ბურთები, მაისურები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გამოუგზავნა. მადლობა ჯანოს პატარების წახალისებისათვის“, – წერია ქობულეთის „შუქურას“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

ჯანო ანანიძე ქობულეთელია, მაგრამ კარიერის განმავლობაში ქობულეთის „შუქურაში“ მხოლოდ11 წლამდე ვარჯიშობდა. ამის შემდეგ იყო „ნორჩი დინამოელი“, რომელშიც ჯანო გია ხიზანიშვილის რეკომენდაციით მიიღეს. ორი წლის შემდეგ, ფეხბურთელის აგენტმა, რევაზ ჩელებაძემ ანანიძე კიევის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში ჩარიცხა, 15 წლის კი მოსკოვის „სპარტაკში“ აიყვანეს. ახლა ჯანო „დინამო თბილისის“ მოთამაშეა, მაგრამ გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. თავად ანანიძე ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემას არ დასწრებია.

ჯანო ანანიძისთვის ეს პირველი შემთხვევაა არ არის, როდესაც ის ფეხბურთს ეხმარება. ცნობილია, რომ 2019 თებერვალში სოლიდური ფულადი სახსრები დაურიცხა ქალთა საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „მართვეს“ 18 წლის ფეხბურთელს, ნინო გურგენიძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა და უცხოეთში მკურნალობა სჭირდებოდა.

2020 წლის ნოემბერში კი ანანიძე უკვე ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდს დაეხმარა, რომელიც ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა. ჯანომ გუნდი „ნაიკის“ უახლესი ფირმის პროდუქციით შემოსა – გოგონებმა მაისურები, შორტები, გეტრები, ქურთუკები და ჩანთები მიიღეს.

2019 წლის მარტში ჯანო ანანიძე გონებადაკარგულ შვეიცარიელ ფეხბურთელსაც დაეხმარა, რითაც „ბი-ბი-სი“-ს ყურადღება მიიქცია. 23 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის 24-ე წუთზე, კუთხურის მოწოდებისას ჯემალ ტაბიძესთან შეჯახების შემდეგ, შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელმა ფაბიან შერიმ გონება დაკარგა. მას პირველი დახმარება ანანიძემ გაუწია, რომელმაც თამაშსა და მომენტს ყურადღება არ მიაქცია და ყველაფერზე წინ მეტოქის მოთამაშის დახმარება დააყენა. ჯანო ანანიძე ფაბიან შერს ენას უჭერდა და როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ამით შერი გადაარჩინა.