ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ხვალ, 2 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბერლინს ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში – Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession.

საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება.

ილია დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტრეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, კონფერენცია ანალენა ბერბოკის სახელით გაიმართება და მასში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორებიცაა ევროკავშირის გაფართოება; ევროკავშირის რეფორმირება; ევროკავშირის რეგიონი (EU30+), როგორც გლობალური მოთამაშე.