ანალენა ბერბოკი - გერმანიის მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს კეთილსინდისიერად, თუმცა ისე, რომ არ გახდეს ომის მონაწილე
ანალენა ბერბოკი - გერმანიის მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს კეთილსინდისიერად, თუმცა ისე, რომ არ გახდეს ომის მონაწილე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უარს ამბობს მოლაპარაკებებზე, ძალიან მარტივ თემებზეც კი. ეს განცხადება ბერბოკმა გერმანულ შპიგელთან ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, პუტინი უარს ამბობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვაზე და არ რეაგირებს შუამავლობის ინიციატივებზე.

როგორც ბერბოკი აცხადებს, ასეთ ვითარებაში გერმანია შემდეგი არჩევნის წინაშე დგას – ან არაფერი გააკეთოს, ან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააგრძელოს, თუმცა ამ დახმარების შეწყვეტის ალტერნატივა იქნებოდა „მილიონობით ადამიანის ბედის ანაბარა დატოვება”.

„გერმანიის ფედერალური მთავრობა ცდილობს, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს კეთილსინდისიერად, ყველაფრით, რაც მას გააჩნია, თუმცა ისე, რომ არ გახდეს ომის მონაწილე”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.