ანალენა ბერბოკი - ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ იარსებებს საერთო წესები, რომლებსაც ყველა დაეყრდნობა
ანალენა ბერბოკი - ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ იარსებებს საერთო წესები, რომლებსაც ყველა დაეყრდნობა

ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ იარსებებს საერთო წესები, რომლებსაც ყველა დაეყრდნობა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მოსკოვში, რუს კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს საერთო წესები გერმანიისთვის უმთავრესია“.

„ამიტომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არა, დავიცვათ ეს წესები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გერმანიას ამისთვის დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწიოს. ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია ერთ-ერთია ამ წესებს შორის. ყველა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში უნდა ვახსენოთ როგორც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საქმე, ისე ცენტრ „მემორიალის“ გაუქმების საკითხი.

ასევე აუცილებელია გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, პარიზის ქარტიის დაცვა, რომლითაც ყველა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, არ დაემუქროს ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნებს.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ასი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მობილიზებულია უკრაინის სიახლოვეს და ეს ხდება კონკრეტული მიზეზის გარეშე. ძალიან რთულია ეს საფრთხედ არ შეაფასო. ჩემი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ რა შეიძლება, მოიმოქმედოს ევროკავშირმა, დიდმა შვიდეულმა და ნატო-მ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ძალის გამოყენების მუქარას სისრულეში მოიყვანს.

რუსეთმა მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები და ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მზად ვართ სერიოზული დიალოგისთვის იმ ნაბიჯების გარშემო, რომლებიც განამტკიცებენ ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. ეს დიალოგი უკვე დაწყებულია. ეუთო-სა და ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ყველა პრობლემა რომ რამდენიმე საათში ვერ გადაიჭრა, გასაკვირი არავისთვის ყოფილა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. ნორმანდიული ფორმატის განახლება, რათა მინსკის შეთანხმების შესრულებაში წინსვლა მიღწეული იყოს. მისივე თქმით, ეს იქნებოდა ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

ანალენა ბერბოკს კითხვა დაუსვეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ შესაბამისი ორგანოები ამ გაზსადენის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას სწავლობენ და სერტიფიცირების პროცესი შეჩერებულია. ამასთან ბერბოკის თქმით, თუ ენერგეტიკა გამოყენებული იქნება პოლიტიკურ იარაღად, ამას მოჰყვება შესაბამისი შედეგი, ეს ეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-საც.