ანალენა ბერბოკი - ჩვენი ვალდებულებაა მომდევნო 80 წლისთვის, არა მხოლოდ იმედი გამოვთქვათ, რომ პრობლემები გაქრება, არამედ ვიპოვოთ ძალა მათთან გასამკლავებლად, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი გზა
განადგურებული ქვეყნები, 70 მილიონზე მეტი დაღუპული, ორი მსოფლიო ომი ერთ თაობაში, ჰოლოკოსტის წარმოუდგენელი საშინელება და კოლონიალიზმის ქვეშ მყოფი 72 ტერიტორია – ეს იყო ჩვენი მსოფლიო 80 წლის წინ. სასოწარკვეთილი მსოფლიო იმედის ნაპერწკალს ეჭიდებოდა, მამაცმა ლიდერებმა იმედი გაერო-ს ქარტიის საშუალებით მოგვცეს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
ბერბოკმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს ყველამ უნდა გაიხსენოს წარსულის რთული გაკვეთილები და აირჩიოს სწორი გზა.
„ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს გააჩნდათ ჰუმანურობა, ღირსება და გავბედავ, ვთქვა, გონიერება, რათა გვერდით გადაედოთ უთანხმოება, საკუთარი ინტერესები, წყენა და ემუშავათ ერთობლივად. ჩვენ კი გზაჯვარედინზე აღმოჩენისას ისინი გვაჩვენებენ გზას, იმედის გზას. იმედი არ არის ბრმა ოპტიმიზმი, ის არ არის გარანტია, რომ ყველაფერი გამოვა. ეს არის ღრმა რწმენა, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით, მიუხედავად იმისა, მივაღწევთ თუ არა წარმატებას. ახლა მართლაც რთული დროა. ჩვენ ასეთ გზაჯვარედინზე ვდგავართ. ვხედავთ ბავშვებს მშობლების გარეშე, რომლებიც ეძებენ საკვებს ღაზის რაიონებში, უკრაინაში მიმდინარე ომს, სექსუალურ ძალადობას სუდანში, ჰაიტიში ბანდიტურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხალხს ატერორებენ, გაუფილტრავ სიძულვილს ინტერნეტში და წყალდიდობებს, გვალვებს მთელ მსოფლიოში. ასეთი მსოფლიოა გათვალისწინებული ჩვენს ქარტიაში? ჩვენ რთული გაკვეთილები თავიდან უნდა ვისწავლოთ.
დღეს არ ვზეიმობთ, არამედ ვიხსენებთ რთულ გაკვეთილებს და ვიკრებთ სიმამაცეს, რომ კიდევ ერთხელ ვიპოვოთ იმედი, შეგუების ნაცვლად. ავირჩიოთ სწორი გზა არა რაიმე გარანტიების გამო, არამედ იმ რწმენით, რომ ეს სწორია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი გზა, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესები ერთად არა იმიტომ, რომ გასული 80 წელი იდეალური იყო, არამედ იმიტომ, რომ ამ 80 წლის განმავლობაში ვცდილობდით. ეს შენობა არის მონუმენტი უკეთესი მომავლისთვის ჩვენი ერთობლივი იმედებისა. დიახ, ჩვენ გვქონდა უთანხმოება, ვიბრძოდით, მაგრამ ასევე ვიმარჯვებდით. სწორედ ამიტომ ამ სესიის თემატიკაა – ერთად უკეთესია. ჩვენი ვალდებულებაა მომდევნო 80 წლისთვის, რომ არა მხოლოდ ვიმედოვნოთ, რომ პრობლემები გაქრება, არამედ ვიპოვოთ ძალა მათთან გასამკლავებლად. ერთად უკეთესად ვიმოქმედოთ იქ, სადაც რთული ასარჩევია. ჩვენ გვმართებს ეს ხალხისთვის, ვინც არ ნებდება ომის ყველაზე მძიმე წუთებშიც“, – განაცხადა ბერბოკმა.