ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება
ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი​ შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის არაერთგზის მუქარის გამო. გამოცემა Neue Osnabrücker Zeitung-თან ინტერვიუში მინისტრი აღნიშნავს, რომ გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება ვლადიმირ პუტინის ნათქვამს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს გულგრილობა იქნება. მისი თქმით, ომის 220 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პუტინმა „არაერთხელ აჩვენა, რომ არ ერიდება ყველაზე საშინელი ომის დანაშაულებს“.

ბერბოკი იხსენებს, რომ პუტინი უპასუხისმგებლო მუქარებს ადრეც ახორციელებდა.

„ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ შანტაჟს, პუტინი ამას შეაფასებს, როგორც მოწვევას შემდგომი ესკალაციისკენ“, – აღნიშნავს ბერბოკი და ხაზს უსვამს პუტინის პარასკევის გამოსვლას, რომელმაც, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნათლად აჩვენა, „რომ მისი იმპერიული უგნურება არ შემოიფარგლება უკრაინით”.

„ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას პასუხისმგებლიანი საშუალებებით. თუ რუსეთს ანექსია და შანტაჟი შერჩება და ამ ომს მოიგებს – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაანგრევს უკრაინას – არა მხოლოდ ევროპული სამშვიდობო წესრიგი განადგურდება, არამედ არც ერთი პატარა ქვეყანა აღარ იქნება უსაფრთხოდ ”, – აღნიშნა მინისტრმა.

ბურბოკის თქმით,  რუსეთის პრეზიდენტმა სრულად დაკარგა საერთაშორისო მხარდაჭერა.

„მსოფლიოში, თითქმის, არც ერთი სახელმწიფო არ უჭერს მხარს პუტინს და ასიათასობით რუსი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას. რუსეთის პრეზიდენტი არის მარტო და იზოლირებული, როგორც არასდროს და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამ საშინელი ომის ყოველ დღეზე”, – აღნიშნა მინისტრმა.