ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იმ შემთხვევაშიც არ გააუქმებს, თუკი გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ
ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იმ შემთხვევაშიც არ გააუქმებს, თუკი გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაშიც კი არ გააუქმებს, თუ გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ.

„შემიძლია, დავპირდე უკრაინელ ხალხს – ჩვენ მხარს გიჭერთ და დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რასაც უნდა ფიქრობდნენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკის თქმით, ყველას სურს, რომ ომი დასრულდეს და სანქციები მოიხსნას, მაგრამ ეს თუ არ მოხდება, სანქციები ძალაში დარჩება.

„ზამთარი მოდის და ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკოსებს, გამოწვევები გვექნება. ხალხი ქუჩაში გამოვა და იტყვის – „ელექტროენერგიის საფასურს ვერ ვიხდით“. მე კი ვიტყვი – დიახ, ვიცი და დაგეხმარებით სოციალური ზომებით. თუმცა, მე არ მინდა ვთქვა, კეთილი, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რაც ნიშნავს, რომ სანქციები ძალაში დარჩება ზამთარში, თუნდაც ეს რთული იყოს პოლიტიკოსებისთვის“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

როგორც ბერბოკი განმარტავს, ომის კიდევ ერთი ნაწილია ჰიბრიდული ომი. მისი სტრატეგია კი, მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები დაყოს. თუმცა ისინი სოლიდარული იქნებიან და მხარს დაუჭერენ უკრაინელებს.