ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში ბუნდესვერის შვეულმფრენს რუსული გემიდან ცეცხლი გაუხსნეს
ბალტიის ზღვაში ბუნდესვერის შვეულმფრენს რუსული გემიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ნატო-ს ქვეყნების შეხვედრის ფარგლებში, ბრიუსელში განაცხადა, – იტყობინება გერმანული მედია.
ანალენა ბერბოკის თქმით, სროლა სასიგნალო რაკეტებით მოხდა, შვეულმფრენს არანაირი ზიანი არ მიდგომია.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შვეულმფრენი ახორციელებდა სადაზვერვო მისიას.
ანალენა ბერბოკმა არ დააზუსტა, რა ტიპის გემიდან მოხდა გასროლა.
გერმანული მედიის მტკიცებით, ეს იყო სამოქალაქო ტანკერი.
გერმანულმა საინფორმაციო სააგენტო DPA-მ აღნიშნა, რომ სასიგნალო რაკეტების გამოყენება გასროლისთვის დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში.
ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბალტიის ზღვაში გადაადგილდება გემები, რომლებსაც ის რუსული ტვირთი გადააქვთ, რომელთა მიმართაც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული. მისივე თქმით, გერმანიამ უნდა გააძლიეროს პატრულირება რეგიონში, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაცული იყოს რუსეთისა და მისი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული ჰიბრიდული თავდასხმებისგან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ნოემბრის შუა რიცხვებში კავშირგაბმულობის კაბელების დაზიანება ბალტიის ზღვაში და GPS სისტემის შეფერხების შემთხვევები რეგიონში, რის გამოც სირთულეები ექმნება სამხედრო და სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა.