ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტი „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე განიხილეს
ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტი „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე განიხილეს

„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში “ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭრიშვილმა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტი წარადგინა.

დისკუსიაში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ეხებოდა, ბოჭორიშვილმა ისაუბრა ქალაქ ანაკლიასა და ეკონომიკურ ზონაზე როგორც ევროპის, შუა აზიისა და აზიის დამაკავშირებელი, სტრატეგიული რეგიონული კვანძის პოტენციალზე, რომელიც ქვეყანაში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენი პირველადი მიზანია განვავითაროთ ლოგისტიკური და ინდუსტრიული პარკები. სპეციალური ეკონომიკური ზონის უპირატესობაა, რომ ის მთლიანობაში ინტეგრირებული იქნება ღრმაწყლოვანი პორტისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურასთან“, განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

„ქალაქი ანაკლია და სპეციალური ეკონომიკური ზონა, ისევე როგორც ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენი სავაჭრო და სატრანსპორტო შესაძლებლობებით, აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი მდებარეობს უმოკლეს მარშრუტზე ევროპასა და აზიას შორის და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ სავაჭრო, სატრანსპორო და ბიზნეს კვანძი რეგიონში აბრეშუმის გზის და სხვა სააერთაშორისო კორიდორებისთვის.

„სტრატეგიული ლოკაციითა და მზარდი შესაძლებლობებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს მნიშვნელოვანი საივნესტიციო წერტილი არაერთი მულტინაციონალური კომპანიისთვის მომავალ წლებში,“ – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს აქტიურად განიხილავენ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია. ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სადისკუსიო პანელზე ანაკლია განხილული იქნება, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთ სტრატეგიული პროექტი შუა კორიდორის განვითარებაში, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და საქართველოს ახალი შესაძლებლობა. 28 ნოემბერს ფორუმის ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა წარადგინა.

28 ნოემბერს ფორუმის ფარგლებში ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ბაქოსა და კურიკის (ყაზახეთი) პორტებთან. მსხვილი პორტების შეთანხმება რეგიონული დერეფნის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. უახლოეს მომავალში იგეგმება მემორანდუმის გაფორმება ანაკლიისა და რუმინეთის კონსტსანცას პორტებს შორის.

ფორუმის ფარგლებში ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ ფორუმის მონაწილე 30-ზე მეტ კომპანიასთან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა და ანაკლიაში პირველი გემების მიღება 2021 წელს იგეგმება.