ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები იმართება
ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები იმართება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე საქართველოს მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იმართება.

მოლაპარაკებების პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) წარმომადგენლები და მხარეების ტექნიკური და იურიდიული მრჩევლები. მოლაპარაკებებში მონაწილეობს საქართველოს მთავრობის საკონსულტაციო კომპანიის (White & Case) კონსულტსანტიც.

სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის დაყენებული რვა პუნქტიანი მოთხოვნების განხილვაა.

საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა მიმდინარე წლის 8 თებერვალს. შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევას, პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას, საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ კრედიტორების რისკის დაზღვევას და ასე შემდეგ.