ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა
ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა

საქართველოში ევროპის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „აიფიჯი“ (Eiffage) შემოდის, ის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, ჰოლანდიურ „ეიბიბისთან“ (ABB) და ქართულ „სიარპისთან“ (CRP) ერთად შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

კონსორციუმის ინფორმაციით, გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ „აიფიჯზე“ (Eiffage) შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს მასშტაბით 100 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ცნობით, Eiffage ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს და კონტრაქტის მიხედვით მის მიერ მშენებლობაზე დასაქმებულთა 90 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. მშენებლობაზე სულ 1500 ადამიანი დასაქმდება. ფრანგული კომპანია უკვე აქტიურად ჩაერთო ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დეტალური დიზაინის დასრულების პროცესში.

Eiffage 1844 წელს დაარსდა. მსოფლიოს მასშტაბით მის მიერ განახორციელებული პროექტები როგორც ურბანული განვითარების, ასევე პორტების, სამანქანო გზებისა თუ ენერგო სისტემების მშენებლობის მიმართულებებს მოიცავს. დღეისთვის Eiffage  მსიოფლიოს 5 კონტინენტზე, 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიის მიერ განხორციელებულია ისეთი დიდი მასშტაბის პროექტები, როგორიცაა Port of Barcelona და Port of Dakar ესპანეთსა და სენეგალში, ხიდები და სარკინიგზო გზები ევროპის მრავალ ქვეყანაში, EuroAirport Basel Mulhouse Freiburg შვეიცარიასა და Airport – Crete საბერძნეთში, უდიდესი ხიდები El Tigre Viaduct და Unibridge® bridges კოლუმბიასა და ფილიპინებში და სხვა.

დატოვე კომენტარი