ანაკლიის გზის პროექტირებაზე ინტერესი ოთხმა კომპანიამ გამოხატა
ანაკლიის გზის პროექტირებაზე ინტერესი ოთხმა კომპანიამ გამოხატა

სავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, წინადადებების მიღება დასრულდა. ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარადგინა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის ერთი ქართული კომპანიებისგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა.

„პროცედურის პირველ ეტაპზე, შეფასდება ტექნიკური წინადადებები, რომლის წონა განისაზღვრება – 80 პროცენტით, ხოლო მეორე ეტაპზე, შეფასდება ფინანსური წინადადებები, რომლის წონა – 20 პროცენტია“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ 2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სამი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით უშედეგოდ დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

„ტენდერების ჩაშლის მიზეზების ანალიზის შედეგად და კვალიფიციური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საპროექტო მომსახურების მიმწოდებელს, ამჯერად, განსხვავებული წესით შეარჩევს. გამოცხადებული პროცედურის ფორმა შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით“, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შედგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშეკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს.

დატოვე კომენტარი