„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მცდარი და არაობიექტური განცხადებები გააკეთა, რომელიც პროექტსა და დონორებს აზიანებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მცდარი და არაობიექტური განცხადებები გააკეთა, რომელიც პროექტსა და დონორებს აზიანებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ეხმაურება საქართველოს პარლამენტის 21 მარტის პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გამოსვლას და აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ღია განხილვას მიესალმება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს, რომ შეჭიდებულია პროექტს, რომელიც გარდა იმისა, რომ ქვეყნისთვის დიდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის პროექტია, ასევე არის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ქვეყანას სრულიად ახალი, სრულფასოვანი ფუნქცია შესძინოს და აქციოს ის აღმოსავლეთ-დასავლეთ კარიბჭედ მსოფლიოს ამ ნაწილში. ვითვალისწინებთ რა საზოგადოების მაღალ ინტერესს ამ თემასთან დაკავშირებით, მივესალმებით მის ღია განხილვას პარლამენტში და მადლობას ვუხდით ყველა დეპუტატს პროექტით დაინტერესებისა და საკუთარი აზრის გამოთქმისთვის“, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ცქიტიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს და აცხადებს, რომ მის მიერ არაერთი მცდარი განცხადება გაკეთდა.

„სამწუხაროდ, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მხრიდან გაკეთდა არაერთი მცდარი, არაობიექტური და დამახინჯებული განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს როგორც ამ დიდი მნიშვნელობის პროექტს და მისი მშენებლობის პროცესს, ასევე იმ საერთაშორისო ინვესტორებსა და დონორებს, რომელთაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ პორტის მშენებლობაში, აიღეს რისკი და აფხაზეთთან ახლოს, კონფლიქტის ზონიდან ოთხ კილომეტრში განახორციელეს სოლიდური ინვესტიცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონსორციუმის შეფასებით, აღნიშნული განცხადებები რეპუტაციას ულახავს და აკნინებს უცხოელ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კვლავ მზად არიან, გააგრძელონ საქართველოსთან თანამშრომლობა.

„აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ილახება და ზიანდება სახელმწიფოს ინტერესები და ეჭვქვეშ დგება მისი, როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის რეპუტაციაც.

„აქვე კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოთხ ყველაზე ცნობილ და ჩვენი ქვეყნის მთავარ დონორ ბანკებთან (EBRD, OPIC, ADB, AIIB) და სწორედ ამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ხელისუფლების შორის რვა პუნქტიან შეთანხმებაზეა დამოკიდებული პროექტის ფინანსური დახურვაც.

ქალბატონი მინისტრის მიერ მკაფიოდ და არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ გააჩნია გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელების საქმეში, მაშინ როდესაც ჩვენი გუნდი შედგება ისეთი საერთაშორისო პარტნიორებისგან როგორიცაა: Conti Group, SSA Marine, Van Oord, Hyundai , MTBS , BergerABAM , Moffatt & Nichol, Royal Haskoning, Hatch, Ecoline International, Worley Parsons, Halo Trust, Baker Mckenzie, Dentons, Willkie Farr & Gallagher, Clifford Chance, Marsh და სხვები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონსორციუმი განმარტავს, რომ ეს მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კომპანიათა ჩამონათვალია, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში კონსორციუმში იქნა შემოკრებილი.

„ამ კომპანიებს თავიანთი არსებობის მრავალი წლის მანძილზე არაერთი, ანაკლიის პორტის პროექტის მსგავსი და კიდევ უფრო დიდი პროექტები განუხორციელებიათ.  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიაჩნია – როდესაც ასეთი დიდი გუნდიდან არ ხდება მისი არც ერთი წევრის ხსენება, როდესაც მიმდინარეობს ჩვენი პორტოპერატორის და აქციონერის, უდიდესი ამერიკული კომპანიის (SSA Marine) მიზანმიმართული დისკრედიტება, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ერთი პროექტის, არამედ მთელი საინვესტიციო გარემოს დაზიანების მცდელობასთან და რაც ყველაზე მთავარია, ამ განცხადებებმა შესაძლებელია. ნეგატიური მუხტი შეიტანოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებშიც.

აქვე გვინდა შეგახსენოთ სიტყვები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა საქართველოში ვიზიტისას, სწორედ კომპანიის SSA Marine და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის პარტნიორობის გაფორმების ცერემონიალზე წარმოთქვა: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ძლიერი ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობებისა და ეკონომიკური კავშირების გამყარების საუკეთესო გამოხატულებაა. ამერიკული კომპანიები აქტიურად არიან ჩართულნი ამ ორმილიარდიან პროექტში და ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებას!”

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო გუნდს ასევე სჯერა, რომ ამ ორმხრივ ურთიერთობებს არც მომავალში დაემუქრება რამე საფრთხე და ის კვლავ წარმატებულად გაგრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კიდევ ერთხელ მიმართავს, მთავრობას, რომ მზად არის კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგისთვის, რომ სრული პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობებს და ყველაფერს გააკეთებს პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილს პარლამენტს გუშინ მოუსმინეს.