„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გენერალური კონტრაქტორის ვინაობას მიმდინარე კვირაში დაასახელებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გენერალური კონტრაქტორის ვინაობას მიმდინარე კვირაში დაასახელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობას მიმდინარე კვირაში დაასახელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განუცხადა.

„ძალიან რთულია მოლაპარაკებები გენერალურ კონტრაქტორთან. საუბარია დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ხელშეკრულებაზე, რაც ძალიან კომპლექსურია. იქ არის სამშენებლო რისკის გადანაწილების საკითხი და ამ მოლაპარაკებებს სამწუხაროდ ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამ კვირაში დავასახელებთ კომპანიას, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე, რის შემდეგაც უკვე ცერემონია და ხელმოწერა გაიმართება“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

დღეს კონსორციუმმა პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან (ZPMC) გააფორმა. აღნიშნული კომპანია პორტს შიდა საკონტეინერო ამწეებს მიაწვდის.