ანაკლიის ბანაკი მოზარდების მორიგ ნაკადს უმასპინძლებს
ანაკლიის ბანაკი მოზარდების მორიგ ნაკადს უმასპინძლებს

სახრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, გივი ჯაფარიძემ დევნილი ოჯახებიდან მოზარდები ანაკლიის ბანაკში გააცილეს. ინფორმაციას სახრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, 240 მოზარდიდან (14-დან 18 წლის ჩათვლით) 50 დევნილი პირი იქნა შერჩეული. სახრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უპირატესობა მიენიჭათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დევნილი ოჯახების წევრებს და ობოლ ბავშვებს, რომლებიც ორ ნაკადად გადანაწილდნენ. 20 ახალგაზრდა ანაკლიის ბანაკის აქტივობებში ჩაერთვება 24 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ხოლო მოზარდების მეორე ნაკადი – 30 ახალგაზრდა ანაკლიაში გაემგზავრება 31 ივლისს და 6 აგვისტომდე დარჩება.

სახრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ცნობით, სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტომ“ მათ ინტერაქტიური პროგრამა მოუმზადა, რომლის ფარგლებში, დანარჩენ მონაწილეებთან ერთად, იძულებით გადაადგილებული პირები ჩაერთვებიან სპორტულ ოლიმპიადაში და შეეჯიბრებიან ერთმანეთს სპორტის ხუთ სახეობაში: კალათბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში.

„რაც შეეხება საგანმანათლებლო შეხვედრებს, მათი თემატიკა მრავალფეროვანია: რიტორიკა და კომუნიკაცია; ავირჩიოთ პროფესია; მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და თვითგადარჩენა; ახალგაზრდული შესაძლებლობები არაფორმალურ გარემოში. ბავშვები შეხვდებიან ცნობილ სპორტსმენებსა და ხელოვანებს, რომლებიც მათ თავიანთი გამოცდილების შესახებ უამბობენ. გარდა ამისა, ბავშვები ჩაერთვებიან შემოქმედებით ღონისძიებებში, რომლებიც მათი მონაწილეობით მომზადდება. თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამომჟღავნებას კი ბავშვები შეძლებენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში, როგორებიცაა „გემობანა“, „რა? სად? როდის?“ და სხვა. ორგანიზატორი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოა“, ღონისძიების პარტნიორი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. ბანაკში იმყოფებიან 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათი შერჩევა მოხდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით. წელს ბანაკები მასპინძლობენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს და სხვებს“, – ნათქვამია სახრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.