ანაკლიაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის დასკვნითი თამაშები დაიწყო
ანაკლიაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის დასკვნითი თამაშები დაიწყო

ანაკლიაში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის დასკვნითი თამაშები დაიწყო.

ოლიმპიადის ფარგლებში, 7 ივლისიდან 13 ივლისამდე დაგეგმილია სპორტული შეჯიბრებები სპორტის ოთხ სახეობაში.

8 ივლისს ზუგდიდის სპორტულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონობისთვის მინიბფეხბურთში გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა იასპარეზეს. გოგონათა კატეგორიაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი ბათუმის N8 საჯარო სკოლისა და აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი ბორჯომის N6 საჯარო სკოლის გუნდები. ფინალური შეხვედრა ანგარიშით 6-1 დასრულდა. ოლიმპიადის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ბათუმის სკოლის გოგონათა გუნდი გახდა, ბორჯომის N6 სკოლის გუნდი კი ვერცხლის მედალოსანია. ვაჟებში მოწინააღმდეგეები საჩხერის N3 საჯარო სკოლა და ბოლნისის N1 საჯარო სკოლა იყვნენ. დაძაბული მატჩის შემდეგ ჩემპიონობა – საჩხერის N3 საჯარო სკოლას, მეორე ადგილი კი ბოლნისის სკოლას ერგო.

13 ივლისამდე გაიმართება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეხვედრები 3X3 კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მძლეოსნურ გეზრბენში, სადაც კვლავ გამოვლინდებიან ოლიმპიადის ჩემპიონები როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა კატეგორიაში.

წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში საქართველოს 1 600 სკოლის 70 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. პროექტის მთავარი მიზანია, მეტი შესაძლებლობა მიეცეთ მოზარდებს, წარმოაჩინონ საკუთარი უნარები და დაკავდნენ ჯანმრთელი, აქტიური ცხოვრების წესით.

საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კონსტანტინე ამირაჯიბის თქმით, მათი მთავარი მიზანი სასკოლო სპორტის განვითარება და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მოზარდს მივცეთ საშუალება, იასპარეზონ, ფიზიკური აქტივობით მოიპოვონ წარმატება. ჩვენი ყველა პროექტი მასობრივი სპორტის განვითარებას, ახალგაზრდების ჯანმრთელობას ეხება. სწორედ ამიტომ გვსურს, რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩაერთოს სპორტულ პროექტებში“, – განაცხადა კონსტანტინე ამირაჯიბმა.

10 ივლისს ზუგდიდის სპორტულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ჩემპიონები 3X3 კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გამოვლინდებიან, ხოლო 12 ივლისს განმუხურის ბულვარში შედგება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ფინალური გარბენი მძლეოსნურ გეზრბენში.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით იმართება. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიები.