ანაკლიაში ფესტივალი „მომავლის ხმები“ გაიხსნა
ანაკლიაში ფესტივალი „მომავლის ხმები“ გაიხსნა

ანაკლიაში ფესტივალი „მომავლის ხმები“ გაიხსნა. სალოტბარო სკოლების ფესტივალი 24 ივნისამდე გაგრძელდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ უკვე მესამედ იმართება.

ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.

დღეს ანაკლიას ესტუმრნენ წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურისა და ახალციხის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, ხოლო მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში მათ სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, სენაკის და ბაღდათის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ჩაანაცვლებენ.

მონაწილეებისთვის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ თეატრში გაიმართება ორი კონცერტი, რომელშიც სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა და გადამზადდნენ მოხალისეები, რომლებიც ბავშვთა გუნდების ლიდერები იქნებიან. სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა. ამჟამად, სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან.