ანა წითლიძე – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა დაბალი დონის შემადგენლობით იყო, არა მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტების წარდგენა გაუჭირდათ, არამედ ბევრი იურიდიული ტერმინიც ვერ გაარჩიეს

23:19, 21.10.2026

დღევანდელმა პირველმა დღემ აჩვენა, რომ არ არსებობს ცალკე აღებული საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ფილიალი, რომელიც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც მას რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა უბრძანა. დღევანდელმა დღემ ისიც აჩვენა, რომ ამ სარჩელსა და ამ პროცესს სამართლებრივ პროცესებთან კავშირი არ აქვს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი. რაც კიდევ უფრო საშიში და ტრაგიკულია ქართული სახელმწიფოსთვის, არის ის, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ოკუპანტი რუსეთის დავალებით მიმდინარეობს“, – განაცხადა წითლიძემ.

მისი თქმით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენ, წესით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოტივაცია უნდა ჰქონოდა, დაეკმაყოფილებინა ოპოზიციური წარმომადგენლების და, განსაკუთრებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა“, – განაცხადა წითლიძემ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა მოსამართლეთა შენიშვნა, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობების დაყენებისას ისინი სამართლებრივ არგუმენტებს არ წარმოადგენდნენ და ძირითადად პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ. ანა წითლიძემ უპასუხა, რომ ასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, კრძალავენ მის პარტიას და ვარდების რევოლუციიდან 2012 წლამდე მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის მოწმედ მოყვანას.

„ანუ, მთავარი მტკიცებულება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივ მტკიცებულებად მიიღო, წულუკიანის კომისიაა. წულუკიანის კომისიის მასალები რომ გადაშალოთ და წაიკითხოთ, ნახავთ, რომ მთავარი განცხადებები და ბრალდებები მიხეილ სააკაშვილს ეხება. იქ ციტირებულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და სახელმწიფო გადაწყვეტილებები, რომლებიც მან სახელმწიფოს მეთაურის რანგში მიიღო. და თქვენ მეუბნებით ახლა, რომ სამართლებრივი არგუმენტი არ იყო მიხეილ სააკაშვილის მოწმედ დაბარების მოთხოვნა?“ – განაცხადა წითლიძემ.

თამთა სანიკიძემ სტუმარს შეახსენა, რომ ეს მოსამართლეთა მითითება იყო და არა მისი პირადი შეფასება. პასუხად წითლიძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში თავად მოსამართლეებს მიმართავდა.

„მოსამართლეებს ველაპარაკები ახლა მეც. იგივე ვუთხარი. ამიტომ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან და არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები“, – განაცხადა წითლიძემ.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა თავად ამ პარტიის სტანდარტებისთვისაც კი ყველაზე დაბალი დონის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. მისი თქმით, მათ არა მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენა გაუჭირდათ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრი იურიდიული ტერმინიც ვერ გაარჩიეს.

„მთავარი რა არის ამ პროცესში, რაც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიგონ? „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ აკრძალავენ ახლა და ოპოზიციურ პარტიებსაც რომ აკრძალავენ, კი ბატონო, მესმის, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებს შეიძლება, ეს გაგიხარდეთ, მაგრამ ამით თქვენ რა? „ქართული ოცნების“ მომხრეებს პენსია მოგემატებათ? მაღალი ფასები აღარ იქნება? თქვენი მაცივრები აივსება? ქვეყანაში ტოტალური კორუფცია აღარ იქნება? თქვენს შვილებს ისევ შიმშილი აღარ მოუწევთ, თუ ემიგრაციაში არ გაიქცევით? „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც ხომ ემიგრაციაში არიან გაქცეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელიც აქ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა? თუ ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება „ნარკობარიგა“ და ქვეყანაში ნარკოტრაფიკი აღარ იქნება? თუ ქოლცენტრები აღარ იქნება ამ ქვეყანაში?“ – განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, წითლიძემ აღნიშნა, რომ კომისიაზე 139 მოწმე გამოიკითხა და ერთ-ერთი მათგანის ვინაობის დასახელებაც შეუძლია.

„კომისიაზე 139 მოწმე გამოიკითხა. იცით, ვინ არიან ეს მოწმეები? ახლა შემიძლია, ერთ-ერთი მათგანი დაგისახელოთ. ეს არის ადამიანი, რომელიც წულუკიანის კომისიას პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ჰყავდა მიწვეული. ხაზს ვუსვამ – პოლიტიკური პატიმრის სტატუსით. ჩვენი ხელისუფლების დროს ის ნათესავის გაუპატიურებაზე იყო დაკავებული“, – განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი