ანა წითლიძე - ოპოზიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა, ეს არის ერთადერთი, რაც დაამხობს რეჟიმს და ჩვენ უნდა დავამხოთ რეჟიმი, რისი უფლებაც აქვთ მოქალაქეებს
ოპოზიციის მთავარი მიზანი ახლა უნდა იყოს არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი, არამედ უნდა მოაბილიზოს საქართველოს აქტიური მოქალაქეები, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა გაიზარდოს, რადგან ეს არის ერთადერთი, რაც დაამხობს რეჟიმს, რისი უფლებაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
წითლიძის თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაიზარდოს ქუჩაში.
„„ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ბევრს ვსაუბრობდით ერთიანობაზე და ერთიან ფრონტზე, რადგან დღეს საქართველოში სიტუაცია არის შემდეგი – ან ხარ რუსი და ხარ „ოცნების“ მხარეს, ან ხარ ქართველი. შესაბამისად, არჩევანი გვიწევს ამ ორ არჩევანს შორის, სადაც ნებისმიერი პარტიული საკითხი არის უკვე მეასეხარისხოვანი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ერთიანობაზე, მაშინ ეს ბევრმა ადამიანმა აღიქვა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სისუსტე, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები მიხვდნენ, რეალურად რატომ იყო მაშინ მნიშვნელოვანი ეს ერთობა და საერთო ფრონტი. ამიტომაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც ბევრს გადააფასებენ და რომ საერთო ერთობა შედგება, თუმცა ჩვენ ასევე ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთობა უნდა იყოს პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, სჯერა თუ არა ვინმეს ამ ქვეყანაში, რომ რეჟიმის, ოლიგარქის პირობებში ვინმეს შეუძლია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით რაიმე გარდამტეხი ცვლილება მოახდინოს ამ ქვეყანაში – ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არა, და „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წლის განმავლობაში ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ყველა ოპოზიციურ პარტიაზე უფრო დიდი, რომ მყარად ვთქვათ: არანაირ არჩევნებს ოლიგარქიის და რეჟიმის პირობებში არანაირი აზრი არ აქვს, ყოველთვის წაგართმევთ და ყოველთვის დაიწერს იმ ციფრებს, რაც მათ მოუნდებათ. ამიტომ საჭიროა მთავარ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება, ამ კუთხით ერთიანობა და წინააღმდეგობის გაზრდა. ოპოზიციის მთავარი მიზანი ახლა უნდა იყოს არა ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე საუბარი, არამედ ის, რომ მოაბილიზოს საქართველოს აქტიური მოქალაქეები, რათა წინააღმდეგობის მოძრაობა გაიზარდოს, რადგან ეს არის ერთადერთი, რაც დაამხობს რეჟიმს, და ჩვენ უნდა დავამხოთ რეჟიმი, რისი უფლებაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას. ამიტომაც ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაიზარდოს ქუჩაში“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, აღნიშნავს: „უნდა შეიქმნას ონლაინპლატფორმა, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქე ითხოვს რეჟიმის ცვლილებას, ქვეყნის დაბრუნებას ევროპისკენ, პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა“.