ანა წითლიძე - ნანუკა ჟორჟოლიანის შემართება პარტიისთვის იქნება ხელშემწყობი, ჩატარდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ახალი სუნთქვის გახსნისთვის
ბოლო ორი თვეა, მიხეილ სააკაშვილთან, პოლიტიკურ საბჭოსთან და პარტიის წევრებთან ერთად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ პარტიის რეფორმირების გეგმაზე. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გადაეწყოს პარტია, რა უნდა მოხდეს, თუ პარტიას გააუქმებენ, და დიდი შანსია, რომ გაუქმდეს, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ღია, შემოიმატოს ახალი კადრები და გაეხსნას კიდევ ერთი ახალი სუნთქვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანის შემართება და საქმიანობა პარტიისთვის იქნება ხელშემწყობი, ჩაატაროს ყველა ის რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ახალი სუნთქვის გახსნისთვის.
„ბოლო ორი თვეა, მიხეილ სააკაშვილთან, პოლიტიკურ საბჭოსთან და პარტიის წევრებთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ პარტიის რეფორმირების გეგმაზე. ყველა იმ სირთულეებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რის წინაშეც „ნაციონალური მოძრაობა“ და სრულიად ოპოზიცია დგას, ვგულისხმობ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც პოლიტიკური პარტიები და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს. მიხეილ სააკაშვილთან ორთვიანი მუშაობის დროს ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გადაეწყოს პარტია, რა უნდა მოხდეს, თუ პარტიას გააუქმებენ, და დიდი შანსია, რომ გაუქმდეს, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ღია, როგორ უნდა შემოიმატოს ახალი კადრები და როგორ უნდა გაეხსნას „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი ახალი სუნთქვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნებისმიერი ახალი კადრის შემოსვლას მივესალმებით, რადგან ეს პარტიის სიძლიერის ნიშანია, რადგან, რეპრესიების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი კადრებით ივსება. ნანუკას შემართება და ნანუკას საქმიანობა პარტიისთვის იქნება ხელშემწყობი, რომ პარტიამ ჩაატაროს ყველა ის რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი ახალი სუნთქვა გაეხსნას. ეს აუცილებლობა იმიტომაც დადგა, რომ ბოლო ყრილობიდან ორი წელი სრულდება. ჩემი ჩათვლით, ყველას გვეწურება უფლებამოსილება – თავმჯდომარესაც, გენერალურ მდივანსაც, მეც, პოლიტსაბჭოსაც, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებსაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. შესაბამისად, ეს ყრილობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა იყოს ახალი განაცხადი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
კითხვაზე, განიხილება თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ანა წითლიძე პასუხობს, რომ ეს ყველაფერი ყრილობის ექსკლუზივია.
„ყრილობაზე, პირველ რიგში, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გაიგოს, დაინახოს და შემდეგ გახდეს ცნობილი. 14 წლის განმავლობაში პარტიაში ძალიან ბევრი კადრი მოვიდა, პარტია მუდმივად იყო განახლების და ბრძოლის წინა ხაზზე. ყველა ადამიანი, ძველი იქნება თუ ახალი, „ნაციონალური მოძრაობის“ სიძლიერეა. ყველა არჩევნების წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადამიანები ემატებოდნენ. ნანუკას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის, ხალხთან ურთიერთობის და ბევრ სხვა მიმართულებაში. იქნება თუ არა თავმჯდომარე, ვერაფერს გეტყვით, ამ დეტალებზე საუბარი არ არის. ეს არის ჯერ პოლიტსაბჭოს სამსჯელო და შემდგომ ყრილობის გადასაწყვეტი. იქამდე დრო ჯერ არის, რადგან ყველას უფლებამოსილება ივლისის ბოლოს იწურება და ამის შემდეგ დაანონსდება, როდის უნდა იყოს ყრილობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.
„მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს“, – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.