ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მე-13 ყრილობიდან მივესალმები თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორს, პარტიის დამფუძნებელს და უპირობო ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას მართავს. ყრილობა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ გახსნა.
როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, პარტიის მე-13 ყრილობიდან მიესალმება მიხეილ სააკაშვილს.
„მინდა, მივესალმო ადამიანს, რომელიც არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორი. ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო ცხრა წელიწადში – გაღატაკებული, დანგრეული ქვეყნიდან შექმნა თავისუფალი, ძლიერი და ნათელი პერსპექტივის საქართველო და სწორედ ამას არ პატიობს მას დღეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი. სწორედ ამიტომ არის დღეს გამომწყვდეული ციხეში. მინდა, მივესალმოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს და უპირობო ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს“, – აღნიშნა წითლიძემ.
ანი წითლიძის ამ გამოსვლას ყრილობაზე შეკრებილები შეხვდნენ შეძახილებით: „მიშა, მიშა!“
ამასთან, პარტიის დღევანდელ ყრილობას ესწრება მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.