ანა წითლიძე - მაინტერესებს, ვინ იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც გეგმავდნენ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების სტრატეგიას, იძლეოდნენ ინსტრუქციებს, რომ ომზე არ უნდა ილაპარაკო
მაინტერესებს, ვინ იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების სტრატეგიას გეგმავდნენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარტია „გირჩის“ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა.
წითლიძის თქმით, სამოქალაქო სექტორის წარმოამადგენლები პარტიებს ინსტრუქციებს აძლევდნენ.
„ეს ადამიანები რაღაც ჩანან და თან არ ჩანან ამ ყველაფერში და ამ ადამიანების დაგეგმილ სტრატეგიაზე შემდეგ პოლიტიკოსებს ხვდებათ, მათ შორის ჩემს პარტიას. მაგალითად, მე მაინტერესებს, ვინ იყვნენ, მათ შორის, ამ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების სტრატეგიას გეგმავდნენ. მე არ ვიყავი ჩართული, ჩემი პარტია იყო ამ ყველაფერში ჩართული, მაგრამ მე მაინტერესებს, ხომ იყვნენ ვიღაცები, ვისაც ეგონა, რომ ეს სტრატეგია არ იყო პოლიტიკური პარტიების დაგეგმილი, სამოქალაქო სექტორის დაგეგმილი იყო და, მაგალითად, ისინი იძლეოდნენ ინსტრუქციებს, რომ იქ ომზე არ უნდა ილაპარაკო, იქ რაღაცაზე არ უნდა ილაპარაკო და ა.შ. მეც ვითხოვ, თქვან, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობდა. იმას კი არ ვამბობ, ვიღაც ფეხებით უნდა ჩამოვკიდოთ, მაგრამ თუ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ და თუ 13 წლის წინანდელ პასუხისმგებლობას გვახსენებენ, რომლებიც მართლა რეპრესირებული ვართ, უბედურებაში ვართ, ამ ბრძოლაში და საერთოდ წინა პლანზე ვართ, რა ვიცი…“ – განაცხადა ანა წითლიძემ.