ანა წითლიძე – ელენე ხოშტარიამ დაადასტურა, რომ ნიკა გილაური საარჩევნო კამპანიაში იყო არაფორმალური ლიდერი, მისი წერილი ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც

17:13, 01.07.2026

ამ წერილში ბევრი დეტალი არაგულწრფელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც ითქვა: ელენემ დაადასტურა, რომ გილაური აქტიურად იყო ჩართული კოალიცია „ახლების“ საარჩევნო კამპანიაში, როგორც არაფორმალური ლიდერი, თუმცა, არაფერს ამბობს ფინანსურ საკითხებზე. მათ შორის უარყოფს ვერსიას, რომ გილაური შუალედურ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას პოსტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, ელენე ხოშტარიას ეს წერილი ერთდროულად ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც.

„ელენე გილაურის პროტესტიდან გაქრობას იმით ამართლებს, რომ „არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა“.

მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ გილაურს არ ჰქონდა ვალდებულება, პროტესტში ჩართულ რიგით მოქალაქეებს რატომ უნდა ჰქონდეთ? ან საერთოდ, ვის აქვს ასეთი ვალდებულება დაბადებიდან თანდაყოლილი?

ჩემი აზრით, ამგვარ გამართლებას ერთი მიზანი აქვს: კოალიციის ლიდერები გილაურის წინაშე დავალებულები არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, არამედ იმიტომაც, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მათ პირად ხარჯებსაც ფარავდა — მათ შორის, პირადი ავტომობილების სახით.

ბოლოს მაინც ყველაფერი გაცხადდება“, – წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს: „არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც ნიკა გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა. თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე გილაურისგან წინაპირობა პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული და ჩვენგან სრულად გაზიარებული პოზიცია იყო საერთო პრემიერობის კანდიდატი, მათ შორის საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე“. ამასთან, ელენე ხოშტარიას პოსტში ნათქვამია, რომ მას „მადლობის გარდა, არაფერი ეთქმის ნიკა გილაურისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის“.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებში გილაურების შემოყვანას „ძალიან მძიმე შეცდომა“ უწოდა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან და მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან“.

მსგავსი