ანა წითლიძე აცხადებს, რომ თინა ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრება, რადგან, მისი ინფორმაციით, თბილისში არ იმყოფება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, პოლიტიკურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს უახლოესი ყრილობის თარიღზე, ყრილობის ჩატარების წესზე და განსაზღვროს დელეგატები, რომლებიც ყრილობაზე იქნებიან წარმოდგენილი და კენჭისყრებში მონაწილეობის უფლებამოსილება ექნებათ.
წითლიძის განმარტებით, შემდეგ უკვე ყრილობამ უნდა აირჩიოს დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელსაც კონკრეტული ვადით ექნება განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილება.
„დროებითი მმართველობითი ორგანო იმუშავებს „რეფორმების საბჭოსთან“ ერთად, რომელიც არის პარტიის გარეთა ორგანო, ასევე დაანონსებულია, რომ „რეფორმების საბჭო“ ნანუკა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით იქნება“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
ამასთან, ანა წითლიძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა თბილისში არ იმყოფება და ამიტომ არ ესწრება პოლიტსაბჭოს სხდომას.
„მქონდა თინა ბოკუჩავასთან კომუნიკაცია, ვიცი, რომ არ იმყოფება თბილისში. მე ეს ინფორმაცია მაქვს“, – განუცხადა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს.