ანა წერეთელი - „სან-სიროზე“ გამოსახული ბანერით ძალიან ამაყი ვიყავი #1TVSPORT
„ინტერის აკადემია საქართველოს“ დირექტორმა, ანა წერეთელმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა სასიამოვნო ფაქტზე, რომელიც იტალიის სერია „ა“-ს მატჩის დროს მილანის „სან სიროს“ სტადიონზე მოხდა – სარეკლამო ბანერზე პერიოდულად ინთებოდა წარწერა – „ინტერის აკადემია საქართველო“.
„როდესაც მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე, „ინტერი“-„იუვენტუსის“ მატჩზე, „ინტერის აკადემია საქართველო“-ს მისასალმებელი ბანერები მოგვიძღვნეს, ძალიან ამაყი ვიყავი, რადგან ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ალბათ, ეს ერთჯერადია, მაგრამ შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებას თუ დავგეგმავთ, მსგავსი ბანერი ისევ გამოფინონ, რითაც თავიანთი მხარდაჭერას დააფიქსირებენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ანა წერეთელი.
აკადემიას დირექტორი ანა წერეთელი ვეტერანი ფეხბურთელის, ზურაბ წერეთლის შვილია. ოქტომბერში იტალიურმა გრანდმა საქართველოში საფეხბურთო აკადემია მისი ინიციატივით და ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად გახსნა – „ინტერის აკადემია საქართველო“ თბილისში კარლო მჭედლიძის ყოფილი აკადემიის ტერიტორიაზეა და ქუთაისის „ტორპედოს“ ამჟამინდელ მფლობელს, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს“ ეკუთნის. შესაძლოა, მისი ფილიალები ქუთაისში, ასევე სამეგრელოს რომელიმე ქალაქში გაიხსნას.
ანა წერეთლის თქმით, „ინტერის აკადემია საქართველო“-ში მიღება უახლოეს დღეებში დაიწყება.
„პირველი ნოემბრიდან ბავშვების დარეგისტრირებას ვიწყებთ, ხოლო მწვრთნელთა რეგისტრაცია ორშაბათიდან დავიწყეთ. ამ ეტაპზე გვეყოლება 5 ასაკობრივი ჯგუფი (5-6, 7-8, 9-10, 11-12, 13-14) და ბავშვები ხუთი ასაკობრივი ჯგუფისთვის შეირჩევიან. მწვრთნელებს ონლაინ-სემინარებს „ინტერის“ აკადემიის სპორტული დირექტორი, მარკო მონტი ჩაუტარებს“, – გვითხრა წერეთელმა.
2019 წელს ბათუმში „მილანის“ კემპიც ანა წერეთლის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა. წელს კი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ შესყიდვის შემდეგ, სპორტული კლუბის პრეზიდენტად დაინიშნა, შემდეგ – „ინტერი-საქართველოს“ სკოლის დირექტორად. ამავე დროს, ანა წერეთელი ქუთაისის „ტორპედოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.