ანა ურუშაძემ ფილმისთვის "საშიში დედა" ლოს ანჯელესში "ოსკარის" კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მოიპოვა
ანა ურუშაძემ ფილმისთვის "საშიში დედა" ლოს ანჯელესში "ოსკარის" კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მოიპოვა

ანა ურუშაძემ ფილმისთვის “საშიში დედა” ლოს ანჯელესში “ოსკარის” კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მოიპოვა. ახალგაზრდა რეჟისორისთვის „საშიში დედა“ პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონიალზე საქართველოს წარმდგენი ფილმიც, სწორედ ანა ურუშაძის ნამუშევარია.

სულ ცოტა ხნის წინ ანა ურუშაძე ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის“ მფლობელი გახდა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი “საშიში დედა” ფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმი გახდა. „ოქროს ლეოპარდი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი ბოლო დროს ქართველ კინემატოგრაფისტებს მოუპოვებიათ. იგივე ფესტივალზე ანა ურუშაძეს საუკეთესო რეჟისორული ხედვისთვის დამოუკიდებელი ჟიურის პრიზიც გადაეცა.

დრამაში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.

„საშიში დედა“ 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას – მას უწევს, არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

„საშიში დედა“ ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია და იგი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა.

დატოვე კომენტარი