ანა სუბელიანი - იმის პარალელურად, რომ საზოგადოება განვითარების გზას ადგას, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას, ეს შეიძლება ქვეყნის მტრების ინტერესებში შედიოდეს
ანა სუბელიანი - იმის პარალელურად, რომ საზოგადოება განვითარების გზას ადგას, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას, ეს შეიძლება ქვეყნის მტრების ინტერესებში შედიოდეს

საზოგადოება განვითარების გზას ადგას, მაგრამ ამის პარალელურად, ძალიან ცუდი ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული ჯგუფები საზოგადოების ჯგუფებს შორის შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ, რაც შესაძლოა, მათ შორის, ქვეყნის მტრების ინტერესებში შედიოდეს, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ანა სუბელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღევანდელი აქციის ერთ-ერთი უმთავრესი მესიჯი სწორედ ეს იყო. ჩვენ მივმართავთ როგორც ჩვენი აქციის მონაწილეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ აქციის მიღმა, ქუჩებში გადაადგილდებოდნენ, ნუ გახდებიან მანიპულირების ობიექტები და დაფიქრდნენ, ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ჩვენს შორის შუღლის გაღვივება“, – განაცხადა სუბელიანმა.

მისი თქმით, ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება გვყავს, რომლის 60%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ბავშვის ცემა აღზრდის ნორმალური მეთოდია, ამ საზოგადოებაში მუდმივად ძალადობენ ქალებზე და მათ ყოფილი ქმრები, თუ პარტნიორები კლავენ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ მოცემულობაში, როცა აგრესია მთელ მსოფლიოში ასეა გამძაფრებული და საზოგადოებაში აგრესიულ გამოვლინებებს ვხვდებით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტოლერანტული და არააგრესიული თაობა აღიზარდოს, ანა სუბელიანმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, სკოლა და ქუჩა, სადაც ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ, ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების ზუსტი მოდელი, ზუსტი ანარეკლია და ჩვენი ქცევით, ღირებულებებით, თუ ყოველდღიური ცხოვრებით, მათ კარგი მაგალითი უნდა მივცეთ.

ბულინგის წინააღმდეგ ბავშვებთან ძალიან ბევრს ვმუშაობ, მათთან ამ თემებზე ძალიან გახსნილი დისკუსია მაქვს და ამას ვხედავ. როცა ზრდასრულებს შორის აგრესიული ფონი ძლიერდება, პარლამენტში ჩხუბობენ და მასწავლებელი აგრესიას, ძალადობას ახორციელებს, ამ ყველაფერს ბავშვი აუცილებლად იმეორებს“, – განაცხადა სუბელიანმა.

მისი თქმით, განათლების სისტემაში არ არსებობს არანაირი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვები საზოგადოების სრულფასოვან, პროდუქტიულ წევრებად, როგორ უნდა შეძლონ მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და თავიანთი მიზნების ძალადობის გარეშე მიღწევა.

„სკოლა არ არის სივრცე, რომელიც ბავშვებს მხოლოდ ფიზიკის კანონებს და ისტორიის თარიღებს აზეპირებინებს. სკოლა პირველ რიგში, ბავშვს არა უმაღლესი სასწავლებლისთვის, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის უნდა ამზადებდეს. ეს უპირატესი მნიშვნელობის მქონეა, რადგან თუ ბავშვმა ფაქტობრივ ცოდნაში რაღაც დანაკლისი მიიღო, ამის შევსება მუდმივადაა შესაძლებელი, ღირებულებების გადაფასება კი ბევრად უფრო რთული პროცესია“, – განაცხადა ანა სუბელიანმა.