ანა სუბელიანი გამოკითხვაზე იმყოფება
ანა სუბელიანი გამოკითხვაზე იმყოფება

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება მუქარის მუხლით დაწყებულ გამოძიებას. როგორც ანა სუბელიანი ამბობს, სოციალური ქსელით და სხვადასხვა სახით 12 მაისის აქციის შემდეგ მის მიმართ არაერთი მუქარა განხორციელდა.

სუბელიანის განცხადებით, სხვადასხვა შინაარსის მუქარა იყო, მათ შორის, წამებით და მკვლელობით დაშინება. ასევე, მისივე თქმით, მუქარები იყო მისი ოჯახის წევრების მისამართითაც, მათ შორის არასრულწლოვნის მისამართითაც. ანა სუბელიანი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და ყველა დამნაშავე დაისჯება.

სუბელიანი გამოკითხვაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთან რეზო აჭარაძესთან ერთად იმყოფება. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს.

ანა სუბელიანი რამდენიმე დღის წინ, კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შემდეგ თბილისში გამართული აქციების მონაწილეა.