ანა ნაცვლიშვილი - ვერ გეტყვით, სააკაშვილს შერიგება როგორ წარმოუდგენია, ალბათ შეთანხმებაზე საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები გვექნება
ანა ნაცვლიშვილი - ვერ გეტყვით, სააკაშვილს შერიგება როგორ წარმოუდგენია, ალბათ შეთანხმებაზე საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები გვექნება

არ ვიცი, შერიგება როგორ შეიძლება წარმოედგინოთ, ეს იქნება რთული პროცესი. ბევრმა საზოგადოებამ მძიმე წარსულის შემდეგ ეს ეტაპები გაიარა და სხვადასხვა გამოცდილებაა, – ამის შესახებ  „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, „შეთანხმება საჭიროა ძირეულ პრინციპებზე, რათა სახელმწიფომ იარსებოს“. როგორც ნაცვლიშვილი განმარტავს, სხვა სახელმწიფოებში ასეთი შეთანხმება არის კონსტიტუცია.

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ ისეთი დაპირისპირების ხარისხი, როგორიც დღეს ქართულ საზოგადოებაშია, ჯანსაღი არ არის და ამ დაპირისპირების ხარისხს არ შეუძლია, ქვეყანა სადმე უკეთესობისკენ წაიყვანოს. ეს არის დამანგრეველი ენერგია, რომელიც საქართველოს მომავლის ხედვასაც ართმევს, არათუ, მომავლისკენ ნაბიჯების გადადგმის ენერგიას. არ ვიცი, შერიგება როგორ შეიძლება წარმოედგინოთ, ეს იქნება რთული პროცესი. ბევრმა საზოგადოებამ მძიმე წარსულის შემდეგ ეს ეტაპები გაიარა და სხვადასხვა გამოცდილებებია.

პირველ რიგში, ჩვენ შეთანხმება ძირეულ პრინციპებზე გვჭირდება. უპირველესად იმაზე, გვინდა თუ არა სახელმწიფო ვიყოთ, ამ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს და ადამიანების ბედს წყვეტდნენ სახელმწიფო ინსტიტუციები და არა – კონკრეტული ადამიანები, თუნდაც ლიდერები. შეთანხმება საჭიროა, შეიძლება, მსხვერპლი და დამნაშავე ვერ შერიგდნენ, ძალიან განსხვავებული მოსაზრებები იყოს, მაგრამ თუ გვინდა, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო და საზოგადოება ვიყოთ, ძირითად პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფომ იარსებოს. სხვა სახელმწიფოებში ასეთი შეთანხმება არის კონსტიტუცია. ჩვენ მანკიერი ტრადიცია გვაქვს, როცა ქვეყანაში არც ერთხელ კონსტიტუციის მიღება ეროვნული კონსენსუსის საგანი არ გახდა.

შეთანხმება მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაზე ვთანხმდებით, რა მიზნით და ვისთან ვთანხმდებით. არ ვიცი და ვერ გეტყვით, მიხეილ სააკაშვილს შერიგება როგორ წარმოუდგენია, მე სხვა პარტიას წარმოვადგენ. ალბათ, შერიგებასა და შეთანხმებაზე საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები გვექნება. რაც ვიცით, ისაა, რომ საზოგადოება დაყოფილი, დაპირისპირებულია. თავს უფლებას მივცემ და ღიად ვიტყვი, რომ წინა თაობის პოლიტიკოსებმა სხვადასხვა ფლანგიდან სამწუხაროდ, ძალიან ცუდი როლი შეასრულეს. ჩემი თაობის პოლიტიკოსების ნომერ პირველ ამოცანად მიმაჩნია, რომ გზები მოვძებნოთ, დასრულდეს მომწამვლელი ზიზღი და ურთიერთდაპირისპირება. შეიძლება, ჩვენ უცებ ერთმანეთი ვერ შევიყვაროთ და მოლოდინი არც მაქვს, რომ მსხვერპლი მოძალადეს უცებ შეიყვარებს, აპატიებს, მაგრამ ჩვენ რაღაც პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ და ამ პრინციპებით ვიაროთ ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც და სამოქალაქო სექტორშიც“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.