ანა ნაცვლიშვილი - ვხედავთ მთავრობის მცდელობას, უგულებელყოს კონსტიტუცია და ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობას გაექცეს
ანა ნაცვლიშვილი - ვხედავთ მთავრობის მცდელობას, უგულებელყოს კონსტიტუცია და ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობას გაექცეს

ვხედავთ მთავრობის მცდელობას, უგულებელყოს კონსტიტუცია და ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობას გაექცეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, მთელმა საქართველომ ნახა პრეზიდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრისადმი მთავრობის სხდომის მოწვევის შესახებ.

„პრეზიდენტმა რომ მიმართა პრემიერ-მინისტრს, მთელმა საქართველომ ნახა. სამწუხაროდ, ამ მიმართვის საპასუხოდ, ვხედავთ მთავრობის მცდელობას, უგულებელყოს კონსტიტუცია, ქვეყანაში შექმნილ ძალიან მძიმე ვითარებაში განზე გადგეს და გაექცეს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანა იმართებოდეს უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციური ფორმატებით. უმძიმეს ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს ჩანაცვლების განაცხადი აქვთ გაკეთებული არაფორმალურ ჯგუფებს, რისი მძიმე შედეგებიც ჩანს და შეიძლება, კიდევ უფრო მძიმე შედეგები დადგეს, დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, მძიმე და წერტილი სად უნდა იყოს დასმული. ესეც აჩვენებს, რამდენად არაადეკვატურად აფასებენ ვითარებას ფორმალურად პასუხისმგებლობის მქონე პირები, რამდენად ვერ იაზრებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და რამდენად ვერ იაზრებენ უმწვავეს მდგომარეობას, რაც არის ქვეყანაში. უმწვავესი საკითხებიდან გაქცევა და პასუხისმგებლობის არ აღება, დისკუსიის გადატანა მეასეხარისხოვან საკითხებზე, თანაც არაკომპეტენტურად, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მძიმეა ვითარება, რომელშიც ვიმყოფებით”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ დღეს განაცხადა, რომ  საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.