ანა ნაცვლიშვილი - ვიდრე სახელმწიფო დამაჯერებლად არ წარმოადგენს ალტერნატიულ ხედვას, მანამდე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნებში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს
ანა ნაცვლიშვილი - ვიდრე სახელმწიფო დამაჯერებლად არ წარმოადგენს ალტერნატიულ ხედვას, მანამდე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნებში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს

ნებისმიერი პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნებში ეჭვი შეიტანონ.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოვისმინეთ ძალიან კვალიფიციურ ექიმთა ჯგუფის პოზიციონირება და ამის საპირწონედ აქამდე არ მოგვისმენია ერთი ან რამდენიმე ექიმის შეფასება, რომლებიც იტყოდნენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული არ არის და ქართულ სამედიცინო სისტემას შეუძლია ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მართვა. ვიდრე სახელმწიფო დამაჯერებლად არ წარმოადგენს ალტერნატიულ ხედვას, არ აიღებს პასუხისმგებლობას და კონკრეტული სახელით, გვარით ხელმოწერილი დასკვნა არ გაჩნდება საქმეში, რომ კონსილიუმი არასწორად აფასებს მდგომარეობას, ხოლო ქართულ სამედიცინო სისტემას აქვს გამოცდილება და შეუძლია ასეთი პაციენტის მართვა, მანამდე არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეჭვი შევიტანოთ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნებში. კონსილიუმის წევრებმა ღია განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ სააკაშვილთან მიმართებით ქართულ სამედიცინო სისტემას თავისი შესაძლებლობები ამოწურული აქვს და პროგრესი აღარ შეუძლია.

როგორც ექიმები ბოლო კვირების განმავლობაში ამბობენ, მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ნებისმიერი პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. გაუარესებაზე, რომელიც სახეზეა, და რისკებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლების ფორმალურ და არაფორმალურ ნაწილს – მათ, ვინც თანამდებობებზე სხედან და მათ, ვინც კულუარებიდან იმართებიან“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.