ანა ნაცვლიშვილი - ვერ მოვისმინე დამაჯერებელი პასუხი, რატომ არ არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იქ, სადაც უნდა იყოს ახლა, კიევში
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილის მიმართა, რატომ არ არის საქართველოს დელეგაცია უკრაინაში.
ნაცვლიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს სათქმელი, რატომ არ არიან კიევში.
„გუშინ ძალიან ყურადღებით ვუსმენდი ბიუროს სხდომას და ვერ მოვისმინე თქვენი მხრიდან დამაჯერებელი პასუხი, რატომ არ არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იქ, სადაც უნდა იყოს ახლა – კიევში, სადაც გლობალური ლიდერები იკრიბებიან ახალი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ჩვენ უკვე ვიყავით იქ, მე და თქვენ ერთად ვიყავით და ეს იყო სწორი ნაბიჯი. გუშინ თქვენ არ გქონდათ არანაირი ახსნა-განმარტება, რატომ თქვით უარი, ისე რომ არც კი განგიხილავთ ეს მოწვევა არავისთან პარლამენტში. ნიშანდობლივია, რომ არ იმყოფება დღეს სხდომაზე მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი თალაკვაძე. არა აქვს მას არაფერი სათქმელი, რატომ ვერ ჩავიდა კიევში? ძალიან ცუდი, ეს უკვე პასუხია მისი მხრიდან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.