ანა ნაცვლიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებისთვის უმრავლესობასა და პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ძალებს შეხვედრა შევთავაზეთ
ანა ნაცვლიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებისთვის უმრავლესობასა და პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ძალებს შეხვედრა შევთავაზეთ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში, საპარლამენტო უმრავლესობასა და პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ძალებს შეხვედრა შევთავაზეთ, კონკრეტული თარიღების დასახელებას კი, მათგან ველოდებით, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან შეთავაზება გაკეთებულია და ახლა მათგან გვაქვს მოლოდინი, რომ დაასახელებენ მათთვის მისაღებ კონკრეტულ დროს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, კონსულტაციების ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფთან და ორგანიზაციასთან შეხვედრები გრძელდება.

„შეხვედრების მიზანია, მოვისმინოთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან, ასევე იმ მახასიათებლებთან მიმართებაში, რომლებიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც შეძლებს დღევანდელ მდგომარეობაში დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა და ღირსეულად გაართვას თავი სასამართლო სისტემის წინაშე მდგომ ამოცანებს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, დღეს შეხვედრა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან იმართება, რომლებიც წლებია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობენ და ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება აქვთ.

„შესაბამისად, მათ შეუძლიათ, პროცესთან და კრიტერიუმებთან მიმართებაში ღირებული რჩევა მოგვცენ“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.