ანა ნაცვლიშვილი -  თუ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი გახდება კანონი, ბაზარზე უსამართლო პირობებს დააწესებს
ანა ნაცვლიშვილი -  თუ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი გახდება კანონი, ბაზარზე უსამართლო პირობებს დააწესებს

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შეეხება კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომელთა კანონად გადაქცევა არსებით საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სიკეთეებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, თუ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი გახდება კანონი, ბაზარზე უსამართლო პირობებს დააწესებს, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მედიასაშუალებებს, რაც აისახება მათ დამოუკიდებლობასა და ეფექტურობაზე.

“შედეგად დაზარალდება არამხოლოდ მედიაგარემო საქართველოში და არამხოლოდ მედიასაშულებები, შედეგად დაზარალდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და დაკნინდება დემოკრატიის ხარისხი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები სამწუხაროდ ვერ მოაგვარებს გამოწვევებს და პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას. ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს. ის ხელს გაუხსნის სერიოზული კორუფციის რისკებს, რაც თავისთავად, გარდა იმისა რომ პრობლემურია, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობის მიმართ და ამ ნდობას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მკაცრ შეზღუდვებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამისა და სპონსორობის განთავსებასთან მიმართებაში, ცვლილებები კი რეგულაციებს არსებითად შეცვლის.

„ფაქტიურად შეზღუდვები უქმდება და ამით საზოგადოებრივი მაუწყებელი გაუთანაბრდება კომერციულ არხებს. რეკლამასთან მიმართებაში მოხდება დროის ეთერის იმ მონაკვეთში დროის გაორმაგება, რაც დღესაც დასაშვებია, მაგრამ გაორმაგდება აქ დრო და ამას დაემატება კიდევ კომერციული რეკლამის განთავსებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. რას გამოიწვევს ეს ცვლილებები – ეს ცვლილებები არსებითად მოახდენს ზეგავლენას მედიაბაზარზე”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.