ანა ნაცვლიშვილი - თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე აღარ უნდა იყოს
ანა ნაცვლიშვილი - თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე აღარ უნდა იყოს

ხელისუფლებამ საზოგადოების მოთხოვნას უნდა უპასუხოს და თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე აღარ უნდა იყოს, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოთხოვნაზე.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანმა წარმატებით ვერც ერთი რეფორმა  ვერ გაატარა.

„დიდი ხანია, დღის წესრიგში დგას იუსტიციის მინისტრის საკითხი, რადგან ის არის პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარადგენს მთავარი პროკურორის კანდიდატურას. საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფი მოითხოვდა იუსტიციის მინისტრის არყოფნას მინისტრთა კაბინეტში. ეს არის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილ ძალიან მძიმე მდგომარეობასა და ბევრ სხვა წარუმატებელ პროცესზე. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, საზოგადოების ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ და წულუკიანი აღარ უნდა იყოს პროცესში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. თუ ის წარადგენს მთავარ პროკურორს, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ, ხელისუფლებამ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურა შეაჩეროს.